ბაბუ სარკმლის გაღებით ოთახს თვალებს უხელდა, ბებო ცეცხლს აღვივებდა, უსიტყვო და მორჩილი... მე კი მთელი ბავშვობა მხოლოდ ის მაწუხებდა, ხე რომ გვედგა ეზოში, რატომ იყო მოჭრილი?!
მთვარე. როგორც უცხენოდ დარჩენილი ურემი, იდგა უმოძრაოდ და თავის დილას უცდიდა. მწვერვალები მოსჩანდა - ღრუბლის საკვამურები, გარიჟრაჟს რომ ბადებდნენ ცის ზიარი მუცლიდან.
ბებო წლებით ნაგროვებ განცდებს ვეღარ მართავდა, ჰოდა თავსაბურავით თმის სითეთრეს მალავდა, იჯდა წელში მოხრილი, ძაფში სევდას ართავდა, მე კი ბაბუ ბუხრის წინ მიყვებოდა ბალადას.
ერთხელ, როცა ამინდმა წვიმა გამოურია, ღამე იყო, დავნებდი ფიქრებს თვალებ გახელილ... განუწყვეტლივ ყმუოდა, არ გაჩერდა მურია, თუმცა ყეფაზე მეტი ჰქონდა ხმაში ნაღველი.
გამთენიას არავინ არ გააღო სარკმელი, დილა იყო უმზეო, მოღრუბლული, შავი და მე და ბებომ უთქმელად - ან რა იყო სათქმელი, ერთდროულად მივხვდით რომ ჩვენი ბაბუ წავიდა...
ოთახს თვალებს ფანჯრებად აღარავინ უხელდა, იჯდა ბებო შავებში, აწ ქვრივობით მორჩილი. მე კი მთელი ბავშვობა მხოლოდ ის მაწუხებდა, ხე რომ გვედგა ეზოში, რატომ იყო მოჭრილი?!