პარასკევი, 2024-04-19, 9:38 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

თავისუფალი სიტყვა

მთავარი » 2013 » მაისი » 5 » არაგანსაკუთრებული გოგოები / aragansakutrebuli gogoebi
3:09 PM
არაგანსაკუთრებული გოგოები / aragansakutrebuli gogoebi
ამ დღეებში რამდენიმე მელოდრამას ვუყურე. იმიტომ, რომ ჩემი ქინდლი უკვე მეორედ გაფუჭდა, ხოლო ახალი არაელექტრონული წიგნების ყიდვას ხელფასამდე ვერ მოვახერხებ. ამიტომაც ვზივარ და ვუყურებ ადვილად პროგნოზირებად ამბებს სიყვარულზე. აი, ბიჭი, რომელსაც კარგი იუმორის გრძნობა აქვს, უამრავი გოგო ჰყავს და უზრუნველი ცხოვრებით ცხოვრობს. აი, გოგო, რომელიც უცნაურად იცვამს, ბევრს მუშაობს და ბიჭებს ზედაც არ უყურებს. მათ ერთმანეთი უნდა შეუყვარდეთ, ოღონდ თავიდანვე არა. ეს ამბავი სუპერ-გოგოზე და სუპერ-ბიჭზეა. მეც, ისევე როგორც მელოდრამების სხვა მაყურებლებს, სიყვარულის დაუჯერებელი ისტორია მჭირდება. რეალური რილეიშენშიფები, სადაც გოგოებს სხვა ეტაპზე გადასვლა ეჩქარებათ, ხოლო ბიჭები საცვლებს იშვიათად იცვლიან, ცხოვრებაშიც მყოფნის. სწორედ ამიტომ, მთავარი გმირები მელოდრამებში ჩვეულებრივ ადამიანებს არ ჰგვანან. გოგოს მხოლოდ სექსზე დაფუძნებული ურთიერთობა მოსწონს და სითბოს ნებისმიერ გამოვლინებაზე აგრესიული რეჟიმი ერთვება, სიტუაცია ხანდახან ძალიან კომიკურიც კი ხდება. ასეთმა სუპერ-გოგომ შეიძლება სილა გააწნას ბიჭს ყვავილების ჩუქებისათვის, რადგან ეს საქციელი სექსზე დაფუძნებულ ურთიერთობაში ვერ თავსდება. ბიჭი კი, რომელიც ადრე ქალების გულთამპრყრობელი იყო, ახლა თავითაა გადაშვებული მონოგამიურ ურთიერთობაში და ცდილობს, ამ განსაკუთრებულ გოგოს როგორმე თავი შეაყვაროს. ბოლოს ყინული დნება, გოგო როგორღაც გადააბიჯებს წინა ურთიერთობებისგან დარჩენილ ტრავმებს და სუპერ-ბიჭს სიყვარულში გამოუტყდება. და ისინი ცხოვრობენ ტკბილად და ბედნიერად, სანამ ტიტრები არ ჩამთავრდება.

როგორი შეგრძნება უნდა მრჩებოდეს ასეთი ფილმების ნახვის შედეგად? წესით, უნდა ვიღიმებოდე და ვრწმუნდებოდე, რომ სიყვარული მართლაც ყოვლისშემძლეა და მას შეუძლია უკანასკნელი მექალთანეც კი მეოჯახე ტიპად გადააქციოს. ამისთვის უბრალოდ განსაკუთრებული გოგოა საჭირო. გოგო, რომლის დანახვაზეც ყველას გული უჩერდება. გოგო, რომელიც ძალიან ლამაზია, მაგრამ რატომღაც ეს თვითონაც არ იცის. გოგო, რომელიც ისეთი უცნაურია, რომ შეიძლება ფეხი დაკრას და სხვა ქვეყანაში წავიდეს. მხოლოდ ასეთ გოგოს შეუძლია ჯიუტ, ფეხებზემკიდია და პრინციპულ კაცს სიყვარულის ძალა აგრძნობინოს.
ნაცვლად ამისა, მე ვფიქრობ არა მთავარ, არამედ მეორეხარისხოვან გმირებზე. არაგანსაკუთრებულ გოგოებზე. გოგოებზე, რომლებსაც მთავარი გმირი იცვლის და ტოვებს. გოგოებზე, რომლებსაც სუპერ-ბიჭი აუცილებლად უნდა გადაახტეს, სანამ ცხოვრების მთავარ სიყვარულამდე მივა. მელოდრამის მთელი ხიბლი იმაშია, რომ მისი მაყურებელი გოგოები საკუთარ თავს მთავარ გმირთან აიგივებენ, მთავარი იდეა პროექციაა. მაგრამ რა უნდა ქნა, თუ საკუთარ თავს იმ ერთადერთში კი არა, ჩვეულებრივ გოგოებში ხედავ, რომლებიც პრინციპში არც არაფერს აშავებენ, უბრალოდ გასაგიჟებლები არ არიან. სწორედ ამიტომ, მთავარი გმირი მათ ნაძირალასავით ექცევა. ეს სიუჟეტს სჭირდება, რაც უფრო ცუდი პარტნიორი იქნება სუპერ-ბიჭი სხვა გოგოებისთვის, მით უფრო გასაოცარი აღმოჩნდება მისი ტრანსფორმაცია. ამიტომაც იგი შორდება გოგოს, რომელსაც მისი ღიმილი პირველ პაემანზევე შეუყვარდა, იგი შორდება გოგოს, რომელიც ხუთი წელი მისი საცოლე იყო, ურთიერთობას წყვეტს გოგოებთან, რომლებთანაც კარგი სექსი აკავშირებდა. ეს ყველაფერი ასეც უნდა იყოს. სხვანაირად როგორ მიხვდება, რომ სინამდვილეში სულ სხვა ვინმე სჭირდება გვერდით.

არ ვიცი, შესაძლოა მხოლოდ გოგოები ჭორაობენ ამ თემაზე, მაგრამ მე ხშირად მსმენია წუწუნი ყოფილი პარტნიორების ორმაგ სტანდარტებთან დაკავშირებით. ჩვენ ყველას გვინდა, რომ სამართლიანად მოგვექცნენ ყოფილი შეყვარებულები და თუ ჩვენთვის ცუდი შეყვარებულები იყვნენ, სხვებისთვისაც ასეთებად დარჩნენ.

გოგო ერთი: მე სულ იმას მეუბნებოდა, რომ პასუხისმგებლობებს ვერ იტანს, მაგრამ ახალ გოგოსთან ეგრევე დაიყენა რილეიშენშიფ სტატუსი და მალე ცოლადაც მოიყვანს.გოგო ორი: ცხოვრებაში ჩემთვის არაფერი უჩუქებია, 2 წელი ვხვდებოდით. და ახლა ახალ შეყვარებულს 3 თვის თავზე მანქანა აჩუქა.

გოგო სამი: სულ მეუბნებოდა, რომ მაკიაჟიან გოგოებს ვერ იტანს. ერთი უნდა ნახო, როგორ შეღებილ გოგოსთან ერთად დადის ახლა.

ყველა ამ გოგოს აგრძნობინეს, რომ ისინი არ არიან განსაკუთრებულები, მათთვის არ ღირდა შეცვლა, ახალი გოგოებისთვის კი ღირს. ამ ბიჭს საკუთარი მელოდრამა აქვს, რომელშიც ყოფილი შეყვარებულები მხოლოდ ნამდვილი სიყვარულის ეფექტს აძლიერებენ.
ნუთუ შეიძლება გოგოების ასე დაყოფა: საოცარი გოგოები, რომელთათვისაც ყველაფრის დათმობა ღირს და ჩვეულებრივი გოგოები, რომლებიც უბრალოდ ამ საოცარ გოგოებამდე მისვლის პროცესში გეჩეხებიან. ვინმემ შეიძლება ისიც თქვას, რომ ყველა ის “არაგანსაკუთრებული გოგო” ვინმესთვის მაინც იქნება განსაკუთრებული. ვინმე მათთვისაც გადაიქცევა მექალთანიდან მეოჯახე ტიპად და მათთვისაც დათმობს პრინციპებს.

მაგრამ ესეც მელოდრამებიდან მოტანილი ამბავია. მე მგონია, რომ სიტუაცია სულაც არ არის ასე. ადამიანები იცვლებიან და ამ ცვლილებების ერთადერთი მიზეზი ახალი პარტნიორი სულაც არაა. არის სხვა ფაქტორებიც: მაგალითად, ასაკი, წინა ურთიერთობებიდან ნასწავლი გაკვეთილები, გემოვნების ცვლილება და ასე შემდეგ. ჩავთვალოთ, რომ ზოგი ადამიანი საჭირო დროს საჭირო ადგილზე ხვდება. ზოგი გოგო მაშინ პოულობს თავის ბიჭს, როცა ამ უკანასკნელს მოსწყინდა მექალთანეობა და ოჯახის შექმნაზე დაიწყო ფიქრი. ზოგ ბიჭს კი იმიტომ მიაჩნია კონკრეტული გოგო განსაკუთრებულად , რომ სულ ცოტა ხნის წინ სხვა თვალით შეხედა წითურ გოგოებს, ეს გოგო კი სწორედაც რომ წითურია.

ძალიან დიდი ხანია ურთიერთობების შესახებ ამდენი არ დამიწერია და ალბათ, კიდევ დიდ ხანს არ დავწერ, რადგან ამ თემებზე წერა ყოველთვის მასევდიანებს. სად არის მელოდრამებში ის ნაწილი, სადაც ბედნიერი წყვილი 2-3 წლის შემდეგ უბედურ წყვილად გადაიქცევა და სასამართლოში მიდის ალიმენტის რაოდენობის დასადგენად? არ არის, მაგრამ იგულისხმება.

მასალის წყარო: http://aninaland.wordpress.com
კატეგორია: საინტერესო ინფორმაცია | ნანახია: 1885 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: ქინდლი, მექალთანე, ურთიერთობა, მოდელი, გემოვნება, გოგო, მელოდრამები, სიყვარული, ბიჭი, სექსი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სტატისტიკა



სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
საიტის მეგობრები